მთავარი » ფაილები » მედიცინა

რატომ გვტკივა ძვლები
2013-05-09, 12:26 PM
რატომ გვტკივა ძვლებიძვლების ტკივილი და მტვრევის შეგრძნება, ოსალგია, ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, ადამიანი ნერვულ აშლილობამდეც კი მიიყვანოს. ეს პრობლემა ბევრისთვის არის ნაცნობი. ძვლების ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული - ინფექციით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ძვლების ავასკულური ნეკროზით, იუვენილური (საყმაწვილო) ეპიფიზეოლიზით, ალერგიით და სხვა. დღეს ძვლებისა და სახსრების პათოლოგიები რევმატულ დაავადებათა ერთ დიდ ჯგუფშია გაერთიანებული. ეს უკანასკნელი ასზე მეტ ნოზოლოგიურ ფორმას მოიცავს. მასში განარჩევენ ანთებითი და დისტროფიული ხასიათის დაავადებებს.

ძვლების ტკივილის ძირითადი მიზეზები
არცთუ იშვიათად ძვლების ტკივილი დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღმოცენდება. ეს ძვლოვანი ქსოვილის მიერ საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაკარგვისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია ხოლმე. ასეთ დროს ტკივილი თავს იჩენს ძვლოვანი ქსოვილის კვების (ტროფიკის) პირველივე დარღვევისას, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი რომელიმე სტრუქტურული ნივთიერების დეფიციტს განიცდის.
ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად სტკივათ ქვედა კიდურების ძვლები. ტკივილის პროვოცირებას ასეთ დროს ძვლებისა და სახსრების ჭარბი დატვირთვა ახდენს. გარდა ამისა, დიდი დატვირთვის გამო ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმი, რაც ასევე იწვევს ტკივილს.
ძვლების ტკივილს განსაკუთრებით ხშირად უჩივიან ხანდაზმულები. ამის მიზეზი ძვალსახსროვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებებია. ძვლოვანი ქსოვილი ასაკთან ერთად განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის - ილევა, კარგავს კოლაგენს, კალციუმსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო ძვლები ჩვეულ სიმტკიცეს კარგავს, მყიფე, სუსტი და მტკივნეული ხდება.
ძვლების ტკივილი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნური პათოლოგიისთვის. თავდაპირველად ტკივილი ღამით და დატვირთვისას იჩენს თავს, პათოლოგიური პროცესის პროგრესირებისა და სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის კვალად კი თანდათანობით მუდმივი ხდება.
ძვლების ტკივილი ხშირად სისხლის დაავადების მანიშნებელია. მტკივნეული შეგრძნებები შესაძლოა სპონტანურად აღმოცენდეს, მაგრამ ყოველთვის ჩნდება ძვალზე ხელის დარტყმისას. ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია ძვლის ტვინის პათოლოგიებისთვის, მწვავე ლეიკოზის, ქრონიკული მიელოლეიკოზის, ერითრემიისა და მიელომური დაავადებისთვის. ეს უკანასკნელი ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა, შერჩევითად აზიანებს ხერხემალს, ბრტყელ ძვლებს, მენჯსა და ნეკნებს. მამაკაცები უმეტესად 50-70 წლის ასაკში ავადმყოფობენ. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი (ხუთ-, ათ-, თხუთმეტწლიანი) უსიმპტომო მიმდინარეობა, რის შემდეგაც ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) სწრაფად იმატებს, ვითარდება პროტეინურია (შარდში ცილის მომატება) და პარაპროტეინემია (სისხლში სტრუქტურულად ანომალიური და ფუნქციურად არასრულფასოვანი ცილოვანი სხეულების გამოჩენა). მიელომურ დაავადებას ახასიათებს ძვლების მტანჯველი ტკივილი, პათოლოგიური მოტეხილობები, მალათა კომპრესიული მოტეხილობები, ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება).
ინფექციური დაავადებებიდან ძვლების ტკივილი დამახასიათებელია ძვლის ტუბერკულოზისთვის. პათოლოგიური პროცესი ასეთ დროს უმეტესად ხერხემლის მალებს მოიცავს და, როგორც წესი, ძველი კერებიდან, უპირატესად ფილტვებიდან, ტუბერკულოზური ინფექციის დისემინაციის (გავრცელების) შედეგია. წვივის ძვლების ტკივილი განსაკუთრებით დამახასიათებელია სიფილისისთვის და, როგორც წესი, ღამღამობით იჩენს თავს. ძვლების ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომია ოსტეომიელიტისა - ძვლის ტვინის ანთებისა, რომელსაც ჰემატოგენური ბუნება აქვს (ანუ ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია).
ტკივილი ძვლების მეტაბოლურ დარღვევებსაც ახლავს თან. ასეთ დროს ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია (განახლება), რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს საკვებში მინერალური ნივთიერებების დეფიციტმა, ნაწლავებიდან მათი შეწოვის დარღვევამ ან საკუთრივ ძვლოვანი ქსოვილის მიერ მინერალების ათვისების მოშლამ, D ვიტამინის დეფიციტმა ან მისი მეტაბოლიზმის დარღვევამ. სიარულისას ქვედა კიდურების ძვლების ტკივილი და ზურგის არეში მწველი შეგრძნება შესაძლოა ოსტეომალაციის (ძვლების დარბილების) მანიშნებელი იყოს. ის, წესისამებრ, D ვიტამინის ნაკლებობის შედეგია.

რატომ სტკივათ ძვლები ორსულებს
ორსულებს ძვლების ტკივილი, ჩვეულებრივ, ორსულობის მოგვიანებით პერიოდში ეწყებათ. მიზეზი სხვადასხვაა. ქვედა კიდურებისა და ხერხემლის ძვლების ტკივილი, როგორც წესი, მზარდი წონის შედეგია. ძვალსახსროვანმა სისტემამ ზედმეტი დატვირთვა რომ არ განიცადოს, ორსულობის პერიოდში აუცილებლია წონის კონტროლი. ძვლების ტკივილი შესაძლოა ოსტეომალაციის შედეგიც იყოს. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობის გამო ვითარდება. ასეთ დროს მულტივიტამინებთან ერთად ორსულმა უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატებიც, ოღონდ აუცილებლად ექიმის დანიშნულებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის 34-ე კვირის შემდეგ ორსულებს კალციუმს აღარ უნიშნავენ. კლასიკური ოსტეომალაცია იშვიათია. ამ დროს ქალს აღარ შეუძლია გადაადგილება მოტეხილობათა თვითნებური განვითარების გამო. ასეთი დიაგნოზი ორსულობის შეწყვეტის ჩვენებაა. ორსულობისას კალციუმის ნაკლებობა კი ჩვეულებრივი მოვლენაა, თანამედროვე ყოფაში ის ხშირად გვხვდება.
კატეგორია: მედიცინა | დაამატა: mari
ნანახია: 666 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]