მთავარი » ფაილები » მედიცინა

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
2013-05-05, 8:21 PM

ქიშმიშის სასარგებლო თვისებებიქიშმიში" სპარსული სიტყვაა და გამომშრალ, დაჩირებულ ყურძენს ნიშნავს. ის იგივე ჩამიჩია, ყურძნის ჩირი. უკეთ, ისეთი ჩირი, რომელშიც არ არის კურკა. ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდება ხშირად იცვლება და, შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია, თუმცა თავად ჩამიჩის სახეობები უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.


განასხვავებენ მის ოთხ ძირითად სახეობას:


  • წვრილი, ღია ფერის უკურკო ჩამიჩი. მიიღება ყურძნის ტკბილი მწვანე და თეთრი (ან მორუხო) ჯიშებისაგან. ქიშმიშს, ჩვეულებრივ, სწორედ ამ სახეობას უწოდებენ. ეს კულინარიული სახელწოდებაა, თანამედროვე სავაჭრო სახელწოდება კი საბზაა;
  • მუქი ფერის, ლურჯი ან თითქმის შავი ჩამიჩი, უფრო ხშირად - შინდისფერი, ბორდოსფერი, უკურკო ქიშმიში. ცნობილია მისი ორი ძირითადი სახესხვაობა: ძალიან ტკბილი და ოდნავ ტკბილი, მშრალი კონსისტენციისა;
  • ბაცი ზეითუნისფერი, საშუალო ზომის, ჩვეულებრივი ქიშმიში ერთი კურკით;
  • მსხვილი, ხორცოვანი, ძალიან ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე ქიშმიში ორი-სამი დიდი ზომის კურკით.

განასხვავებენ ფაბრიკული წარმოების და ხელით დამუშავებულ ქიშმიშს. ფაბრიკული წარმოების ქიშმიში გაცილებით უკეთ არის გასუფთავებული მინარევებისგან, თუმცა ნაკლებად არომატული, ვიდრე ხელით დამუშავებული.


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს - 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით. ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს,  შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს. ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა. ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი. ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც. ქიშმიში, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, არბილებს ნაწლავებს. ქიშმიში რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. სხვა უკუჩვენებებია პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება.


რეცეპტები ფურუნკულებისა და დაავადებული ფრჩხილების სამკურნალოდ
აიღეთ 30 გრამი უკურკო ქიშმიში და 30 გრამი გამდნარი ღორის ქონი. ქიშმიში კარგად გაავლეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი, გააჩერეთ 30 წუთი, ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ქიშმიში გასრისეთ (ჩაჭყლიტეთ) ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეურიეთ გამდნარი ღორის ქონი. მიღებული მასისგან ერთგვარი კვერი გააკეთეთ და პლასტირივით დაიკარით ფურუნკულზე, დაავადებულ ან არასწორად მზარდ ფრჩხილზე, რომლის მოცილებაც გსურთ.


კანის ნახეთქებისა და ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ
აიღეთ ერთი კვერცხის გული, 30 გრამი ქიშმიში და ცოტაოდენი (დანის წვერით) ზაფრანა. ყურძნის ჩირი კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ, შეურიეთ კვერცხის გული და ზაფრანა. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.


 

კატეგორია: მედიცინა | დაამატა: ნიკა | ტეგები: ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
ნანახია: 1084 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]