მთავარი » ფაილები » მედიცინა

კონტუზია და კომოცია
2013-05-18, 2:58 PM
კონტუზია და კომოციაკონტუზია, მისი მიზეზები და თავისებურებანი კონტუზია ნაჟეჟს ნიშნავს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სხეულის მთელი ზედაპირის ან მისი უდიდესი ნაწილის დაჟეჟვის შედეგად ვითარდება. კონტუზია, ფაქტობრივად, ორგანიზმის საერთო დაშავებაა, შერყევა გარეგანი საფარველის დაუზიანებლად, რბილი ქსოვილების ადგილობრივი დახურული დაზიანება. ორგანიზმის საერთო დაშავება-დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს: ძლიერი მექანიკური ზემოქმედებით (ჰაერის, წყლის ან ბგერითი ტალღის ძლიერი დარტყმით, მაგალითად, ყუმბარის გასკდომის შედეგად), მიწაზე დაცემით ან წყალში ვარდნით.
კონტუზია შესაძლოა წვრილი ქვების ან ქვიშის სხეულზე დაყრის შედეგადაც განვითარდეს ჩამონგრევის ან ჩამოზვავების დროს, წყალქვეშა აფეთქებისას ადამიანის ორგანიზმზე წყლის ტალღის ძლიერმა დარტყმამ გამოიწვიოს და ა. შ. კონტუზიას ახასიათებს გენერალიზებული დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების (გონების) დაკარგვა, რომლის ხანგრძლივობაც კონტუზიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. კონტუზიას ყოველთვის არ ახლავს თან ორგანოებისა და ქსოვილების მექანიკური დაზიანება. მისი ძირითადი სიმპტომი, როგორც უკვე ითქვა, ცნობიერების დაკარგვაა, შესაძლოა კომის განვითარებაც. მსუბუქ შემთხვევებში გონების დაკარგვა რამდენიმე წუთს გრძელდება, საშუალო სიმძიმის კონტუზიის დროს - 1-4 საათს, ხოლო მძიმე შემთხვევებში - დღე-ღამეს, ხშირად - რამდენიმე დღეს და რამდენიმე თვესაც კი. ამასთან, მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა, შარდისა და განავლის უნებლიე გამოყოფა. კონტუზიის დროს დაჟეჟვის ადგილობრივი ნიშნები საერთოდ არ შეინიშნება ან უმნიშვნელოდაა გამოხატული, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს სხეულის სხვა მძიმე ადგილობრივი დაზიანებანი - კიდურების, ნეკნების მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების გახეთქვა, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა. კონტუზიის შედეგი სხვადასხვაგვარია - სმენის, მხედველობის, მეტყველების დროებითი დაკარგვა შემდგომ მათი ნაწილობრივი ან სრული აღდგენით, ფსიქიკური ფუნქციების მძიმე დარღვევები. მძიმე კონტუზიის შედეგებიდან აღსანიშნავია სწრაფი დაღლა, რომელიც დიდხანს გასტანს, ცუდი თვითშეგრძნება, მომატებული გაღიზიანებადობა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები. კონტუზიის შემთხვევაში ცნობიერების დაბრუნების შემდეგ ყოველთვის აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ხშირად - გულისრევა, ღებინება (კვებისგან დამოუკიდებლად), თავბრუხვევა, განსაკუთრებით - თავის მიბრუნება-მობრუნებისას, ამნეზია (მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა), სმენისა და მეტყველების დარღვევა. სმენის განსკუთრებით მძიმე დარღვევები, სრულ დაკარგვამდე, ჩვეულებრივ, შეინიშნება ბაროტრავმის დროს. ამ დროს, როგორც წესი, სმენის დაკარგვა სმენის აპარატის ორგანულ დაზიანებასთან არის დაკავშირებული, სხვა შემთხვევებში კი სმენისა და მეტყველების დარღვევა (ენაბორძიკობა, სიმუნჯე) ფსიქოგენურ ხასიათს ატარებს და არამყარია. სიყრუე და მუტიზმი (მეტყველების სრული შეკავება) სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, 5-6 დღეში გაივლის.

თავის ტვინის კონტუზია
განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს თავის ტვინის კონტუზია. მას ახასიათებს როგორც ზოგადი (გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა), ასევე ტვინის ქსოვილის დაზიანებული კერების ლოკალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები. თუ კონტუზიური კერა თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ცენტრალური ხვეულის წინა და უკანა არეში მდებარეობს, აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა, პარეზები. მარცხენა შუბლის ან საფეთქლის წილის დაჟეჟილობის დროს ხშირად ვითარდება მეტყველების დარღვევა. თავის ტვინის კონტუზიას შესაძლოა თან ახლდეს სისხლჩაქცევა ან ტვინის ქსოვილის მიჭყლეტა ტვინის სისხლძარღვებიდან გადმოღვრილი სისხლით. თავის ტვინის კონტუზიის გამო მოგვიანებით ზოგჯერ ეპილეფსიური გულყრები ვითარდება. თავის ტვინის კონტუზიის დროს გამოხატული სიმპტომები თავის ტვინის შერყევის ანალოგიურია. ხშირია სისხლდენა ცხვირიდან და ყურიდან, ვითარდება სიყრუე და მუტიზმი. ყველა ეს ცვლილება შექცევადია, თუმცა ამ შექცევადობის დრო და ვადები განსხვავებულია ანუ სხვადასხვა პაციენტში, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებისა და კონტუზიის სიმძიმის მიხედვით, დარღვევათა აღდგენა სხვადასხვა ვადაში ხდება. ჰაერის ტალღით გამოწვეული კონტუზიის დროს, ისევე როგორც ტვინის შერყევისას, ხშირად იჩენს თავს მწვავე და მძიმე ფსიქიკური დარღვევები, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა. ზოგჯერ დიდხანს რჩება ვეგეტატიური დარღვევები - მომატებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, ძილიანობა, ხელის მტევნების სილურჯე, პერიოდულად თავის ტვინისაკენ სისხლის აუტანელი მოწოლა და სხვა.

თვალების კონტუზია
თვალის კაკლების კონტუზია ორგვარია - პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი კონტუზიის მიზეზი თვალის კაკალზე მსხვილი საგნის, მაგალითად მუშტის, ბურთის დარტყმაა, ან კიდევ შეშის ჩეხვის დროს დიდი ნაფოტის მოხვედრა. არაპირდაპირი კონტუზია მიიღება მაგალითად, ვარდნისას, მთელი სხეულის შერყევისას. დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე, ასევე მატრავმირებელი სხეულის მასასა და მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით ვითარდება სხვადასხვა სახის ცვლილებები, ქუთუთოების სიღრმეში უმნიშვნელო სისხლჩაქცევით დაწყებული, თვალის მძიმე დაზიანებებით, მათ შორის თვალის კაკლის გახეთქვით დამთავრებული. პირდაპირი ძლიერი დარტყმა თვალის არეში იწვევს ყველა სტრუქტურის უკან ცდომას მოკლე ხნით, მაგრამ ვინაიდან თვალის კაკალი დახშული, სითხით ამოვსებული სტრუქტურაა, აღნიშნული ცდომის შედეგად თვალის კაკლის ფიბროზული კაფსულა მკვეთრად იწელება.
მკურნალობა და რეაბილიტაცია
კონტუზიის დროს პაციენტს სჭირდება სრული სიმშვიდე, ექსტრემალური სამედიცინო დახმარება და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. მოგვიანებით, მოძრაობის მყარი დარღვევის (პარეზი, დამბლა) შემთხვევაში, სარეაბილიტაციო მიზნით ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მეტყველების დარვევისას - ლოგოპედიური მეცადინეობა-ვარჯიშები და სხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მწვავე პერიოდში თავის ტვინის ტრავმისა და კონტუზიის შემდეგ ნაჩვენებია სიცივე თავზე და სრული სიმშვიდე. პაციენტი ასეთ დროს გვერდზე უნდა დააწვინოთ (რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადაუვიდეს). თავის ქალას ღია ტრავმის დროს პირველ რიგში სისხლდენა უნდა შეჩერდეს - როგორც შინაგანი (ფარული), ასევე გარეგანი (ხილული). კონტუზიის შემდეგ გამოჯანმრთელებული და რეაბილიტირებული ადამიანისთვის ხმაურიან და ვიწრო დაწესებულებებში მუშაობა უკუნაჩვენებია. მავნებელია სიცხეც. კარგ ეფექტს იძლევა წიწვის, კატაბალახას, ბარამბოს და ორკბილას ნაყენის აბაზანები.

თავის ტვინის შერყევა - კომოცია
კომოცია შერყევას ნიშნავს. თავის ტვინის კომოცია მისი ტრავმული დაზიანებაა, რომელსაც თან სდევს ფუნქციური და მიკრომორფოლოგიური სახის დიფუზური აღდგენითი ხასიათის ცვლილებები. თავის ტვინის შერყევისას ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ღერო, რეტიკულური ფორმაცია, დიენცეფალური არე, იცვლება ჰემატოენცეფალური ბარიერის გამავლობა და ამ ცვლილებების შესაბამისად ყალიბდება კლინიკური სურათი. თავის ტვინის შერყევის პათოფიზიოლოგიური და პათომორფოლოგიური ცვლილებების მექანიზმთა ასახსნელად შემუშავებულია მრავალი ჰიპოთეზა, მაგრამ ცალ-ცალკე ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის თავის ტვინის შერყევის რთულ პათოგენეზს - კომოციოს დროს, როგორც წესი, ვხვდებით ყველა ფაქტორის (მექანიკური, ლიქვორდინამიკური, ანოქსემიური და ნეირორეფლექსური) თანაარსებობას. თავის ტვინის შერყევა პირობითად სამი სახისაა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

მსუბუქი შერყევა
თავის ტვინის მსუბუქი შერყევის დროს მწვავე პერიოდში ადამიანი მოკლე ხნით (5-30 წუთით) კარგავს გონს ანდა ეცვლება ცნობიერება (დაბინდვა, გაბრუება, სტუპორი, იგივე გაშეშება, გაშტერება). იშვიათად თავის ტვინის შერყევა უამისოდაც მიმდინარეობს. ვითარდება ერთჯერადი ღებინება, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, სუნთქვის შეცვლა, კანის გაფითრება, ოფლიანობა, გუგების გაფართოება და სინათლეზე რეაქციის დაქვეითება, კუნთების ჰიპოტონია, გარეგან გაღიზიანებაზე (ჩხვლეტა, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება) რეაქცია ისპობა. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, თავბრუხვევას, საერთო სისუსტეს, აღენიშნება კიდურების დისტალური ნაწილების გაცივება, სილურჯე ან გაწითლება და სიმხურვალე, გაბრუება, ძილიანობა, აპათია (ემოციების გარეგანი გამოხატულების უქონლობა), აზროვნების მოდუნება, ბრადიკარდია, არტერიული სისხლის წნევის დაქვეითება (იშვიათად - მომატება), ვენური წნევის მომატება, კეფისა და კისრის უკანა კუნთების იოლი რიგიდულობა, მყესთა და ძვალთა რეფლექსების დაქვეითება. სათანადო რეჟიმის დაცვისა და სათანადო მკურნალობის პირობებში კომოციის მსუბუქი ფორმა 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. ზოგჯერ ავადმყოფს რამდენიმე თვის განმავლობაში რჩება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ვეგეტოდისტონიის მოვლენები.

საშუალო სიმძიმის შერყევა
თავის ტვინის საშუალო სიმძიმის შერყევისას ცნობიერების დაკარგვა რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება. კლინიკურად უფრო მკვეთრადაა (რელიეფურადაა) გამოხატული კომოციის ზემოთ აღწერილი ნიშნები. სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 37,2-37,5 გრადუსამდე მოიმატოს. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ აღინიშნება ამნეზია მიღებული ტრავმის მიმართ. ზოგჯერ ამნეზია სცდება ტრავმის მიღების პერიოდს და სხვა (რეტროგრადული ან ანტეროგრადული) ხასიათისაა. ცნობიერებადაბრუნებულ ავადმყოფს რამდენიმე დღის შემდეგ აწუხებს ძლიერი ასთენია (საერთო სისუსტე, მოდუნება), თავის ტკივლი, თავბრუხვევა, ყურების შუილი, ოფლიანობა. იგი გაბრუებულია, ძნელად ამყარებს კონტაქტს, გარემოსადმი ინდიფერენტულია, უჭირს ფეხზე დგომა და სიარული, დიდხანს სძინავს. ამ დროს გამოხატულია ვესტიბულური აპარატის აგზნებადობის მომატება, ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე რიტმული მოძრაობები), ანიზოკორია (გუგების უთანაბრობა), ვენური წნევის მომატება. თავის ტვინის საშუალო სიმძიმის შერყევის დროს ავადმყოფს უნიშნავენ, სულ ცოტა, ერთთვიან წოლით რეჟიმს.

მძიმე შერყევა
თავის ტვინის მძიმე შერყევის დროს ცნობიერების დაკარგვა ერთი დღე-ღამის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. სახის კანი ძლიერ ფერმკრთალია და ცივი ოფლითაა დაფარული. მაჯა სუსტი ავსებისაა, შენელებული, სუნთქვა - გახშირებული და ზერელე. სფინქტერების ფუნქცია მოშლილია (ვითარდება შეუკავებლობა). რქოვანას რეფლექსი გამქრალია, გუგები - გაფართოებული. გამქრალი ან მკვეთრად დაქვეითებულია სინათლეზე რეფლექსიც. აღინიშნება კუნთების ძლიერი ჰიპოტონია (ტონუსის დაქვეითება). გამქრალია ასევე კანისა და მყეს-ძვლების რეფლექსები. მწვავე პერიოდში ხშირია მენინგეალური მოვლენები, სხეულის ტემპერატურის მომატება ან თერმოასიმეტრია, თავდაცვითი რეაქციის მოსპობა, არტერიული სისხლის წნევის დაქვეითება, თავის ტვინის ან ტვინის ღეროს ორგანული დაზიანების მიკროსიმპტომები, რომლებიც შემდეგ თანდათანობით ქრება. თავის ტვინის კომოციის მძიმე ფორმის კეთილთვისებიანად მიმდინარეობის შემთხვევაში ავადმყოფს ცნობიერების აღდგენისთანავე აქვს გამოხატული გაბრუება, ძილიანობა ან ფსიქომოტორული აგზნება. შესაძლოა კომოციური ფსიქოზის განვითარება. ცნობიერების სრული აღდგენის შემდეგ ავადმყოფი დიდხანს უჩივის თავისა და მთელი სხეულის ტკივილს, პარესთეზიებს (ცრუ შეგრძნებებს ჩხვლეტის, დაბუჟების, წვის და სხვა სახით), თითების გაცივებასა და ციანოზს, ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის ასთენიას და სხვა. ახალგაზრდა ასაკში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებას ახასიათებს რეგრესიული მიმდინარეობა და დაკარგულ ფუნქციათა კომპენსაციის დიდი უნარი, ხოლო მოხუცებში თავის ტვინის ტრავმა გახანგრძლივებულ ცვლილებებს იწვევს.
კატეგორია: მედიცინა | დაამატა: mari
ნანახია: 502 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]