მთავარი » ფაილები » მედიცინა

კანის მოვლა 25-დან 30 წლამდე
2013-05-09, 12:23 PM
კანის მოვლა 25-დან 30 წლამდეახალგაზრდა ქალს აზრადაც არ მოსდის, რომ ოდესმე შეიძლება დაბერდეს, მისი სილამაზე წლებმა დააჭკნოს, მაგრამ დგება დრო, როდესაც ჩნდება პირველი ნაოჭი და დროის შემობრუნება შეუძლებელი ხდება.

ქალის კანს ყოველ ასაკში სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება. 25-დან 30 წლამდე მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ დამატენიანებელ და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დამცავ საშუალებებს. ამ ასაკში კანს ჯერ კიდევ შეუძლია, სრულფასოვნად გამოკვებოს საკუთარი თავი, მისთვის სინოტივის შენარჩუნებაზე კი ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ.
25 წლის შემდეგ ბევრი ქალი ამჩნევს სიბერის პირველ ნიშნებს: ჩალურჯებულ უპეებს, წვრილ ნაოჭებს... პიგმენტის რაოდენობის შემცირების გამო შესაძლოა გაჩნდეს პირველი ჭაღარაც. ხშირად ეს ცვლილებები კომპლექსებს იწვევს. ამისგან თავდასაცავად დროულად უნდა დავიწყოთ სახის კანის სრულფასოვანი მოვლა. რა პროცესები მიმდინარეობს კანში 25-დან 30 წლამდე? პირველი - მცირდება ტენის რაოდენობა. სწორედ წყლის ნაკლებობის გამო იჭმუხნება და ნაოჭდება კანი, ამიტომ კანის მოვლის მთავარი პუნქტი ამ ასაკში დატენიანებაა. განსაკუთრებული გულისყურით შეარჩიეთ დღის კრემი. ეცადეთ, მასში რაც შეიძლება ნაკლები ინგრედიენტი იყოს - ამ ასაკში მრავალკომპონენტიანი კოსმეტიკური საშუალებები არასასურველია. ისევე როგორც კოსმეტიკა, რომელიც გამონაყარს ებრძვის. თუ აქამდე გაქვთ ფერიმჭამელები და მუწუკები, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რათა ამ მდგომარეობის რეალური მიზეზი დაადგინოთ. 25 წლის შემდეგ კანზე გამონაყარი აღარ უნდა გქონდეთ. თუ აქამდე კანს არ სჭირდებოდა ღამის კრემი, ახლა სწორედ მისი შეძენის დროა. ეფექტურია კოლაგენისა და რეტინოლის შემცველი კრემები. ჭარბი კრემი სახეზე არ დაიტოვოთ, წასმიდან 15-20 წუთის შემდეგ შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. უწინდებურად ერიდეთ მზეს. ეცადეთ, ყოველგვარი კრემი, რომელსაც შეიძენთ (რასაკვირველია, ღამის კრემის გარდა), შეიცავდეს შPF ფილტრს. ამ ასაკში აუცილებელია თვალების ირგვლივ კანის მოვლაც, რათა ეს მიდამო რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ უნაოჭოდ. ამისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
1. მაკიაჟი თვალებიდან მოიშორეთ რაც შეიძლება ფრთხილად ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული სპეციალური საშუალებით.
2. მზიან ამინდში აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე.
3. არ დაიკლოთ ძილი.
4. ყოველ დილა-საღამოს წაისვით ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემი.
5. გაიკეთეთ ქუთუთოების მასაჟი: ფრთილად გადაისვით თითი ზედა ქუთუთოზე შიგნითა კუთხიდან გარეთასკენ და მსუბუქად მიირტყით შუა თითის ბალიში. ასევე - ქვედა ქუთუთოზეც.
6. ეცადეთ, ქვედა წამწამებზე ტუში იშვიათად წაისვათ.
ამ დროს ჩნდება პირველი ნაოჭები ტუჩების ირგვლივ. მათი გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, ყოველდღიურად ისვით ტუჩებზე სპეციალური ბალზამი, თუ ეწევით, თავი დაანებეთ. არ დაივიწყოთ კანის სწორი გაწმენდა და ტონირება. რაც მთავარია, კანის მოვლის პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ.

სხეულის მოვლა
25-დან 30 წლამდე დაბერებაზე ფიქრი ნაადრევია, ნივთიერებათა ცვლა ჯერ კიდევ კარგია, თუმცა კუნთების გავარჯიშება საჭიროა. თუ თქვენი კონსტიტუციური ტიპი სისრულისადმი არ არის განწყობილი, ფიზიკური ვარჯიშით თავიდან აიცილებთ ცხიმის დაგროვებას თეძოებისა და მუცლის არეში და კანიც ტონუსში გექნებათ. ეფექტის შესანარჩუნებლად საჭიროა სპორტს დავუთმოთ დღეში არანაკლებ 30 წუთისა. კვებას მოეკიდეთ სერიოზულად, არ გამოტოვოთ საუზმე და სადილი. ცნობილია, რომ ჯობს ჭამო ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით, ვიდრე იშვიათად და ბევრი. დიეტოლოგები გვირჩევენ, დღის განმავლობაში მიღებული კალორაჟი ამგვარად გადავანაწილოთ: 30% - საუზმე, 40% - სადილი და 30% - ვახშამი. თანაბარი გადანაწილება უზრუნველყოფს ორგანიზმს აქტიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ენერგიით. ყურადღება მიაქციეთ ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ბალანსს, მის დასაცავად თქვენი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდრეთ.
კატეგორია: მედიცინა | დაამატა: mari
ნანახია: 597 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]