მთავარი » ფაილები » სტატუსები

წითელკოპლებიანი ქოლგა.(ჩანახატი)
2013-05-18, 3:20 PM
ბავშვობის (ალბათ) ყველაზე მკაფიო მოგონება.
სულ განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან, არასდროს ვთამაშობდი მათთან. მერჩივნა, დერეფნებში, კოპლებიანი ქოლგით "მეტკლაპუნა" და მეღიღინა. მახსოვს, ყოველთვის მყავდა წარმოსახვითი მეგობარი, "ლალა".. სახელი არ ვიცი რატომ ერქვა ასე. მაშინ ხომ არც პო იყოდა არც ტინკი-ვინკი.
ადრე.
იყო დაახლოებით ჩემი სიმაღლის, ანუ 70-80სმ.
ჰქონდა შავი და ბოლოებში მოწითალო, კარედ შეჭრილი თმები.
"პჩოლკები"..
დიდი, მუქი თაფლისფერი თვალები და გრძელი წამწამები.
ცხვირი ჩემნაირი. პატარა.
ხმა არ მახსოვს.

ერთხელ გავუბრაზდი.
ბაბუმ ქოლგა დამიმალა და ლალას დააბრალა. წაიღო-ვო.
ვიტირე მაშინ.
ლალა ცუდია. რატომ გამიკეთა ეს-მეთქი.

ქოლგა იმავე დღეს ვიპოვე, საკუჭნაოში.
იმ დღის მერე, არ გამოჩენილა...

ახლა, ისე მაკლია ეს წარმოსახვითი მეგობარი.
მე ახლა არ მჯერა მისი არსებობის. იმის, რომ ოდესმე მოვა.
მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ის მაშინ ჩემში მართლა, გულწრფელად არსებობდა და კოპლებიანი, წითელი ქოლგის გამო ჩაკვდა...
ჩაკვდა უნდობლობის გამო.

ახლა, უბრალოდ აზრი აღარ აქვს წარმოსახვითი მეგობრის ყოლას...
ახლა მე ხომ ყველაფერი, ისედაც წარმოსახვითი მაქვს.

ლალა, ალბათ შორს, რომელიღაც პატარა, წაბლისფერთმიანი გოგონას ქვეცნობიერში ცხოვრობს... მას არ ექნება წითელკოპლებიანი ქოლგა...

იმ ქოლგას, ახლა ვინ იცის, სარდაფში, მერამდენე ფენა მტვერი ედება....
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: mari
ნანახია: 339 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]